„ინტერი საქართველოს“ აკადემია 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საფეხბურთო ტურნირს, Kinkladze Grassroots Cup Georgia-ს უმასპინძლებს. შეჯიბრება გიორგი ქინქლაძის ფონდის მხარდაჭერითა და Grassroots Cup Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდება.
ქინქლაძის ფონდი 2024 წელს დაფუძნდა, ხოლო Grassroots Cup Georgia — 2023 წელს. ტურნირი 21-26 ივნისს გაიმართება და გამარჯვებულები ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში (U7, U8, U9, U10, U11) გამოვლინდებიან. მთავარი პრიზისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 90 გუნდი იბრძოლებს.
ტურნირის ჩატარება და ქინქლაძის ფონდისა და Grassroots Cup Georgia-ს თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენასა და ხელშეწყობას, ფეხბურთის პოპულარიზაციას, უნარების განვითარებასა და ღირსეულ სპორტსმენებად ჩამოყალიბებას.
ქართველი ფეხბურთელი და ფონდის თანადამფუძნებელი გიორგი ქინქლაძე Kinkladze Grassroots Cup Georgia-ს უკვე მეორედ ატარებს. მისი თქმით, ფეხბურთის განვითარება ბავშვთა საფეხბურთო დონეზე იწყება, ამიტომ 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ტურნირის ჩატარება პრიორიტეტულია. ქინქლაძე იმედოვნებს, რომ ამ ტურნირზე ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება.