კიმი რაიკონენი რეკორდს უმიზნებს
კიმი რაიკონენი რეკორდს უმიზნებს

ფინელმა კიმი რაიკონენმა დამაჯერებლად დაიწყო 2019 წლის სეზონი, რომელიც მეჩვიდმეტეა მის ხანგრძლივ კარიერაში. ალფა რომეოს პილოტმა სამიდან სამივე რბოლაში მოიპოვა ქულები, საერთო ჩათვლაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ სამი ტოპ-გუნდის პილოტებს ჩამორჩება, რომლებსაც უფრო სწრაფი მანქანები ჰყავთ.

აქედან გამომდინარე, კიმის შეუძლია სხვა მიღწევაზე მოახდინოს კონცენტრაცია. ერთი კვირის წინ გამართული ჩინეთის გრანპრი მისთვის 295-ე იყო ფორმულა 1-ში. წლევანდელ სეზონში რაიკონენი გაუსწრებს ჯენსონ ბატონს (ბრიტანელის ანგარიშზე 306 რბოლაა კარიერაში) და მიხაელ შუმახერს (307). ხოლო ვინაიდან სკანდინავიელს ორწლიანი კონტრაქტი აქვს ალფა რომეოსთან, 2020 წელს, ჩატარებული ეტაპების რაოდენობით, ის უკან ჩამოიტოვებს არა მხოლოდ ფერნანდო ალონსოს (312), არამედ აბსოლუტურ რეკორდსმენ რუბენს ბარიკელოს, რომელმაც 323 გრანპრიზე იასპარეზა.