კილიან მბაპემ ტოკიოს თამაშებში გამოსვლაზე მიანიშნა
კილიან მბაპემ ტოკიოს თამაშებში გამოსვლაზე მიანიშნა

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ მიანიშნა, რომ სურს გაისად ზაფხულის თამაშებზე გამოსვლა.

ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავმა თავის „ტვიტერში“ განათავსა მცირე ვიდეო ოლიმპიადის ატრიბუტით. 20 წლის ფეხბურთელს მოუწევს თავის კლუბთან მოლაპარაკება თამაშებში გამოსვლასთან დაკავშირებით, რადგან 2020 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატიც იმართება. ევრო 2020-ზე და ოლიმპიადაზე გამოსვლა, პრაქტიკულად, დასვენების დროს არ დაუტოვებს მბაპეს.

რეგლამენტის მიხედვით, ოლიმპიადაზე დაიშვებიან 23 წლამდე ფეხბურთელები, აგრეთვე განაცხადში შეიძლება ნებისმიერი ასაკის სამი ფეხბურთელის შეყვანა.

ევროპას ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და რუმინეთი წარადგენენ.

ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდება.