კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ კიევის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„კიევში მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა დედაქალაქის ექვსი მცხოვრები“, – აღნიშნავს კლიჩკო.
მისივე თქმით, დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია, ხოლო სამი დაჭრილი მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იერიშების სამიზნე კიევის სვიატოშინისა და დარნიცის რაიონები აღმოჩნდა.
დარნიცის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ადმინისტრაციულ-სასაწყობო შენობას, ასევე მის მახლობლად გაჩერებულ სატვირთო მანქანებს.
ხანძარი გაჩნდა სვიატოშინის რაიონში მდებარე საწყობშიც, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.