კიევში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს [ვიდეო]

უკრაინაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი გამოავლინეს. კიევის პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ძარცვასა და ყაჩაღობაში.

კიევის პროკურატურის ცნობით, დაჯგუფების წევრებს შორისაა წარსულში ნასამართლევი, საქართველოსა და უკრაინის ოთხი მოქალაქე. დაჯგუფების წევრები ბიზნესმენზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 6 დეკემბერს ბოროტმოქმედებმა კიევში ავტომაგისტრალზე ერთ-ერთი მოქალაქის მანქანის მინა ჩაამსხვრიეს და მას ჩანთა წაართვეს, რომელშიც 15 000 დოლარი და საბუთები იდო.

„მანქანა დგას საცობში, დღისით, გარეთ უამრავი მოწმეა, თუმცა ისინი იმდენად დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ თავში, არაფერი აჩერებდათ. ამსხვრევდნენ მინას, იღებდნენ ფულს და გარბოდნენ. ყველაფერი ეს დაახლოებით 20 წამს გრძელდებოდა“, – განაცხადა უკრაინის დედაქალაქის პროკურატურის პრესმდივანმა, ნადეჟდა მაქსიმეცმა.

სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი ცხელ კვალზე დააკავეს, ერთმა კი მიმალვა შეძლო. მასზე ძებნაა გამოცხადებული. დაკავების დროს ეჭვმიტანილებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდნენ. ჩხრეკის დროს პოლიციამ იარაღი ამოიღო.