კიევის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა - წიტაიშვილი „ვორსკლაში“ იჯარით ითამაშებს
კიევის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა - წიტაიშვილი „ვორსკლაში“ იჯარით ითამაშებს

კიევის „დინამოს“ ფლანგის თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლტავის „ვორსკლაში“ იჯარით გააგრძელებს, – უკრაინულ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კიეველთა ვებგვერდის ცნობით, ქართული წარმოშობის 20 წლის ფეხბურთელი პოლტავური კლუბის ფორმას მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში მოირგებს. საიჯარო ხელშეკრულება ძალაში 1 იანვრიდან შევა და 2021 წლის 31 მაისს დასრულდება.

მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა „დინამოს“ მაისურით მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. კიევის „დინამოში“ მირჩა ლუჩესკუს მისვლის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს და იუძლებული გახდა, „ვორსკლაში“ გადასულიყო. ახალგაზრდა გარემარბი პოლტავის კლუბში სათამაშო პრაქტიკის იმედად წავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, გიორგი წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. წიტაიშვილმა ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა, ფინალში კორეის ნაკრებთან გოლი გაიტანა და ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.