კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან რვა სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ტურნირზე მეორე შეხვედრა რუს ძიუდოისტს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ამავე წონაში ვლადიმირ ახალკაცი ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს. ქალების გათამაშებაში მეორე ორთაბრძოლა მოიგო ახალგაზრდა მარიამ ჭანტურიამ (70კგ) და ნახევარფინალში იასპარეზებს. ასევე ფინალში გასასვლელად იბრძოლებს მეორე ქართველი ქალი, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილიც.

100კგ წონით კატეგორიაში ქართული ნახევარფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ილია სულამანიძე და გიორგი ჩიქოვანი შეხვდებიან. ყველასთვის მოულოდნელად, მძიმეწონოსნები – გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილიც მეოთხედფინალში დამარცხდნენ და მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებენ. ევროპის ჩემპიონატს ადრეულ სტადიაზე ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოეთიშნენ.

წინასწარი შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.