კიდევ ორი სიმბოლურში, ვაისი - მოსკოვში, მჭედლიძე - მოედანზე, კვარაცხელია - ნაკრებში
კიდევ ორი სიმბოლურში, ვაისი - მოსკოვში, მჭედლიძე - მოედანზე, კვარაცხელია - ნაკრებში

ქართველი ლეგიონერების თავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

დათა ხოჭოლავას (უკრაინა), ნიკა კვეკვესკირის (ყაზახეთის) და გიორგი გაბედავას (პოლონეთი) შემდეგ ქართველები ტურის სიმბოლურში შვეიცარიასა და უნგრეთშიც დაასახელეს: შვეიცარიის სუპერლიგის 28–ე ტურში ლევან ხარაბაძე გამოარჩიეს. ციურიხის 19 წლის მარცხენა მცველმა გრასჰოპერსთან შეხვედრაში (1:1) საგოლე გადაცემა გააკეთა.

უნგრეთში სიმბოლურში ლაშა დვალი დაასახელეს: 27-ე ტურის 11 საუკეთესო მოთამაშეს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დამსახურებულად დაასახელეს. მისმა გუნდმა, ლიდერმა ფერენცვაროშმა პაკშთან  ბოლო ტურში 3:0 მოიგო, ლაშამ კი 29-ე წამზე ანგარიში გახსნა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ვატო არველაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს! ექსტრაკლასას 28-ე ტურში, კორონას 20 წლის ქართველმა კრაკოვიასთან 1:2 წააგო. ვატომ 41-ე წუთზე გაიტანა, თუმცა მისი თანაგუნდელი თამაშგარეში ჩარჩა, ბურთს შეეხო და მთავარმა მსაჯმა გოლი გააუქმა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 28–ე ტურში მაგდებურგის შემადგენლობაში (გათამაშების ერთ–ერთი ლიდერ ჰამბურგთან 1:2 დამარცხდა) გიორგი ლორია არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების მეკარეს კუნთი დაეჭიმა და რისკის თავიდან ასაცილებლად დაასვენეს.

ვლადიმირ ვაისი კი რუსეთის პრემიერ ლიგის 22–ე ტურის ცენტრალურ მატჩს დაესწრო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოსკოვის ლოკომოტივისა და სანქტ-პეტერბურგის ზენიტის (1:1) დაპირისპირებას დაესწრო – ვაისი საბა კვირკველიას კარგად იცნობს და სავარაუდოდ ამჯერად ლოკომოტივის 18 წლის თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდებოდა, რომელმაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

„კვარაცხელიას სასტარტო შემადგენლობაში დაყენება იმას ნიშნავს, რომ გუნდში მშვენიერი ვითარებაა და შემადგენლობაში კარგი კონკურენცია გვაქვს. ხვიჩა ფიზიკურად კარგ კონდიციებშია, ვარჯიშებზე თავი წარმოაჩინა და ამიტომ, გადავწყვიტე შანსი მიმეცა“, – ამბობს სიომინი.

შვედეთის ჩემპიონატში გიოტებორგმა ელფსბორგი მიიღო და 3:0 დაამარცხა. გიორგი ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

და კვირის მთავარი მოვლენა: ლევან მჭედლიძემ ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა სერია ა-ში ორთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა: იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ქართველის ემპოლი უდინეზეს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი მოედანზე 72–ე წუთზე გამოჩნდა.