კიდევ ერთი თავდამსხმელი ევროპიდან - პორტუგალიის ჩემპიონატში 18 წლის ქართველის დებიუტი შედგა #1TVSPORT
კიდევ ერთი თავდამსხმელი ევროპიდან - პორტუგალიის ჩემპიონატში 18 წლის ქართველის დებიუტი შედგა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის შემდეგ ევროპაში კიდევ ერთი საინტერესო ქართველი თავდამსხმელი გამოჩნდა – პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში „რიუ ავეში“ 18 წლის გიორგი ქარსელაძემ სადებიუტო თამაში ჩაატარა.

ქართველი „რიუ ავეს“ აკადემიის აღზრდილია. ის გუნდის სამატჩო განაცხადში წინა ტურშიც მოხვდა, ახლა კი „პაკოშ ფერეირასთან“ (1:3) მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და ბოლო წამებზე კინაღამ სადებიუტო გოლიც გაიტანა.

„ნამდვილი ოცნება 18 წლის ასაკში ახდა. 2013 წლიდან ქარსელაძე „რიო ავეშია“, ახლა კი მთავარ გუნდში პირველი წუთები ითამაშა. მას დიდი გზა აქვს გასავლელი. კლუბის აღზრდილი ახალგაზრდების დაწინაურება რეალურია – ბოლო ორ სეზონში ქარსელაძე მეშვიდე ფეხბურთელია, ვისაც ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა“, – წერია „რიუ ავეს“ ოფიციალურ გვერდზე.

ქარსელაძის დებიუტზე „რიო ავეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფრეირემ ისაუბრა და 18 წლის მოთამაშის დადებით თვისებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვცდილობდით, რომ დიდი ძალებით შეგვეტია. ამ დროს შევიყვანეთ ქარსელაძე, რომელმაც სადებიუტო თამაში ჩაატარა და რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა. ჩვენ აკადემიიდან ამ ორი წლის განმავლობაში რამდენიმე მოთამაშე ავირჩიეთ, რომლებიც „რიო ავეს“ მომავლის ნაწილი უნდა გახდნენ.

ქარსელაძეს ბევრი კარგი თვისება აქვს და ვიმედოვნებ, რომ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს. შესაძლოა, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდეს, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდებით. ის ბოლო დროს ჩვენთან ვარჯიშობდა, ტექნიკურად ძლიერია, მაგრამ ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი“, – განაცხადა „რიუ ავეს“ მთავარმა მწვრთნელმა.