კიდევ ერთი კვარაცხელია ევროპაში - „ვალენსიამ“ პატარა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
კიდევ ერთი კვარაცხელია ევროპაში - „ვალენსიამ“ პატარა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გაიბრწყინა, ესპანურმა გამოცემა estadiodeportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ თავდამსხმელს „ვალენსიაში“ გადასვლის შანსი ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილის გუნდში კვარაცხელია მაინც ჩაირიცხა, ოღონდ ის პატარაა და ანდრია ჰქვია.

„კიდევ ერთი ქართველი „ვალენსიაში“ – ანდრია კვარაცხელია“, – წერს სოციალურ ქსელში მენეჯერი ლევან სალარიძე, რომელმაც მადლიერების ნიშნად ანტონიო ლოპესი მონიშნა, საფეხბურთო აგენტი, ვინც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლისას მეკარის მენეჯერის, ლევან სეთურიძის პარტნიორი იყო.

ოჯახის შესახებ ეროვნული ლიგის გვერდზე გამოქვეყნებული სიუჟეტიდან ვიგებთ. ანდრიას მამა, გიორგი კვარაცხელია სოხუმელია. ძმები, ალექსი და თომაც ფეხბურთელები არიან. ოჯახი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ძმებს ნიჭიერ მოთამაშეებად იცნობენ.

8 წლის ანდრია კვარაცხელია ესპანეთში, საფეხბურთო აკადემია „380“-ში ვარჯიშობდა. ამ კლუბში გახდა 2023 წელს კოტიფის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. გავიდა მცირე ხანი და ანდრია „ვალენსიის“ ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა. მასში დიდი პოტენციალი დაინახეს და 8 წლის ასაკში კონტრაქტი გაუფორმეს.

საინტერესოა, რომ სელექციონერების ყურადღება ანდრია კვარაცხელიას ძმებმაც მიიქციეს.