ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ შეხვედრაში დაშავდა და გოლის შემდეგ შეცვლა მოითხოვა. თუმცა დაზიანება სერიოზული არ არის და შემდეგი თამაშებისთვის გუნდთან ერთად მოემზადება.

ორთაბრძოლისას „აიაქსის“ კაპიტანმა დუშან ტადიჩმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ფეხი უხეშად ჩაარტყა, ხვიჩას გოლის აღნიშვნის დროსაც ტკივილი ეტყობოდა და გატანისთანავე შეცვლა მოითხოვა.

მატჩის შემდეგ პირველი სავარაუდო დიაგნოზი calcionapoli 24-მა გამოაქვეყნა, რომ ეჭვი სერიოზულ ტრავმაზე იყო – პირველივე ვარაუდით, ქართველ თავდამსხმელს ტერფი ჰქონდა დაზიანებული. მაგრამ leadersport-ს ოჯახში განუცხადეს, რომ ხვიჩას ფეხზე არაფერი უჭირს, კარგად გრძნობს თავს და საშიში არაფერია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ 6:1 მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ასპროცენტიანი შედეგით, 9 ქულით პირველ ადგილზეა.

ხვიჩა კვარაცხელიას 3 შეხვედრაში შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა – 1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტი.

ფოტო: Gettyimages.com