ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ბრესტს“ ან „მონაკოს“ შეხვდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ბრესტს“ ან „მონაკოს“ შეხვდება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელების გუნდებიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ითამაშებს.

გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანს“ მიუნხენში, „ბაიერნთან“ შეხვედრაში უკაპიტნა. გერმანულმა გრანდმა მატჩი 3:1 მოიგო. ამით საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გამოსვლა დაასრულა.

ირაკლი აზაროვის „შახტარი“ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ „ბორუსიას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმს“ უკაპიტნა „ლაიფციგთან“ შეხვედრაში, რომელიც ავსტრიელებმა 1:0 მოიგეს.

გაიმარჯვა „პარი სენ-ჟერმენმა“. ფრანგულმა გუნდმა სტუმრად „შტუტგარტი“ 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-6 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა, ხოლო უსმან დემბელემ (17′, 35′, 54′) ჰეთთრიქი შეასრულა.

პარიზელებმა მიზანს მიაღწიეს და 1/16-ფინალში ითამაშებენ. ხვიჩა კვარაცხელიას ამ ეტაპზე თამაშის უფლება არ ჰქონდა, თუმცა პლეი ოფიდან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გამოსვლის შესაძლებლობას მიიღებს. ცნობილია, რომ პსჟ-ის მეტოქე 1/16-ფინალში ფრანგული გუნდი იქნება – „მონაკო“ ან „ბრესტი“. წილისყრა 31 იანვარსაა დაგეგმილი.

ასევე ცნობილია, რომ წარმატების შემთხვევაში პსჟ 1/8-ფინალში „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

პირველ შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად ჩაატარებს, ხოლო მეორეს – სახლში. პლეი ოფის ამ ეტაპის მატჩები 11-12 და 18-19 თებერვალს გაიმართება.