ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში სეზონი მოგებით გახსნა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ და „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი „ნანტთან“ გასვლითი შეხვედრით და გამარჯვებით დაიწყეს – 1:0.
„ნანტმა“ პირველი ტაიმი ღირსეულად ჩაატარა, პარიზელებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ. მეორე ნახევარში ლუის ენრიკემ შემადგენლობა გააძლიერა და მოედანზე ლიდერები შეუშვა – დემბელე, დუე, მენდეში და ჰაკიმი.
ამ ცვლილებების შემდეგ პსჟ-მა შეტევები გაამწვავა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებულმა 67-ე წუთზე ვიტინიას მიერ გატანილი გოლით დაწინაურება მოახერხა.
78-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია შევიდა. მან მალევე სცადა გოლის გატანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. საბოლოოდ, შეხვედრა საგოლე მოქმედების გარეშე დაასრულა.