ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „ინტერი“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „ინტერი“ დაამარცხა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ქართველი, რომელსაც მატჩამდე მცირე ტრავმა ჰქონდა, მომჯობინდა და მილანურ გუნდთან შეხვედრაში პირველივე წუთებიდან გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, მაგრამ მცველები მის წინააღმდეგ ყურადღებით თამაშობდნენ.

შეხვედრის 41-ე წუთზე „ინტერი“ რობერტო გალიარდინიმ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მილანელების ნახევარმცველმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ თამაშს აკონტროლებდა და რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა. 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა ანდრე ონანამ მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგარძელდა და ზამბო ანგისამ ანგარიში გახსნა – 1:0.

79-ე წუთზე პიოტრ ზელინსკის წამოწყებული შეტევა ქართველმა ჯოვანი სიმეონეს გაუგრძელა, რომელმაც გაიტანა, თუმცა გოლი გაუქმდა.

82-ე წუთზე კაცნაკლული „ინტერის“ კონტრშეტევა რომელუ ლუკაკუმ დაასრულა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელიაც შეცვალა.

სამი წუთის შემდეგ კი „ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ შესანიშნავი დარტყმით მასპინძლები ისევ დააწინაურა – 2:1.

მატჩის ბოლოს, 90+4-ე წუთზე ჯანლუკა გაეტანომ „ინტერის“ უკანახაზში შექმნილი სივრცით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გათამაშების დასრულებამდე დიდი ხნით ადრე გახდა. 36 ტურის შემდეგ გუნდს 86 ქულა აქვს.