ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ეგიდით „მილანს“ ესტუმრა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან 0:1 დამარცხდა.

იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში პირველი მომენტი ნეაპოლელებმა კვარაცხელიას აქტიურობის შემდეგ შექმნეს, ხვიჩა საჯარიმოში შევიდა და კარის წინ ჯოვანი სიმეონე მონახა, მაგრამ არგენტინელმა თავდამსხმელმა ვერ გაიტანა.

„მილანი“, ერთი შეხედვით, პასიური იყო და ვერაფერს აკეთებდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, მასპინძლები თავიანთ შანსს ელოდნენ. ყველაფერი 25-ე წუთზე შეიცვალა – რაფაელ ლეაომ შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ტეო ერნანდესი, რომელმაც „როსონერი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „ნაპოლიც“ გააქტიურდა და ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი დრიბლინგი წამოიწყო, კარში დაარტყა, თუმცა „მილანის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ამის შემდეგაც სტუმარი გუნდი ბევრს ეცადა, თუმცა უშედეგოდ.

„ნაპოლი“ სერია A-ში გამართული 24 ტურის შემდეგ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა, თუმცა ევროზონასთან ჩამორჩენა მხოლოდ სამი ქულაა.