ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლივერპულთან“ დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრა, ჯგუფურ ეტაპზე პირველად დამარცხდა (0:2) და წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა ორივე გუნდს გარანტირებული ჰქონდა. ამ მატჩში ირკვეოდა, პირველ ადგილზე ვინ გავიდოდა, საამისოდ, იტალიელებს ოთხბურთიანი სხვაობით არ უნდა წაეგოთ.

„ნაპოლის“ შეტევა პირველად მე-8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაამწვავა, საჯარიმოში შევიდა და კონატემ ხელი ჰკრა – არბიტრს პენალტის დანიშვნა შეეძლო, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებაც არ ისურვა და თამაში განაგრძო.

28-ე წუთზე „ლივერპულის“ კართან მომენტი ისევ ხვიჩამ შექმნა, ქართველი შემტევი ინგლისელთა მცველებში იოლად გაძვრა და საჯარიმოში ნდომბელე მონახა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე ალისონ ბეკერმა აიღო, ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტის დაგვირგვინებასაც ხვიჩა ცდილობდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ასცდა. 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გოლი მაინც შექმნა. მისი გადაცემის შემდეგ ლეო ოსტიგორმა გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა.

კვარაცხელია „ლივერპულის“ კარს კიდევ ერთხელ მე-60 წუთზე ვიქტორ ოსიმენის ფლანგური გადაცემის შემდეგ დაემუქრა, მაგრამ მეკარე ბეკერმა ბურთი ხაზზე დაამიწა. ქართველი 83-ე წუთზე შეცვალეს.

ინგლისელებმა ორივე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, 85-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარის ხაზის წინ ფეხი დარვინ ნუნიესმა დაახვედრა, მეკარის მოგერიებული კარში მოჰამედ სალაჰმა გადაგზავნა – 1:0. 90+7-ე წუთზე კი ნუნიესმა თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლივერპულმა“ 15 ქულა დააგროვა და ქულებით „ნაპოლის“ (15) გაუთანაბრდა, მაგრამ იტალიელებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს.