ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ „პარი სენ-ჟერმენში“ არსებულ ვითარებას „არსენალი“ აკვირდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან იმოქმედა „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებამ, რომ ყველა მნიშვნელოვან მატჩში არ დააყენოს სასტარტო შემადგენლობაში. ვითარებას ლონდონის „არსენალი“ აკვირდება, თუმცა ქართველი ვარსკვლავის დამატება ძალიან გაუჭირდება – ამის შესახებ გამოცემა Foot01 წერს.
„შაბათ საღამოს „სტრასბურგთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ არ დამალა იმედგაცრუება, როდესაც მწვრთნელმა ის თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე უსმან დემბელეთი შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებით მოტივირებული არ ჩანდა და „სტრასბურგთან“ გაშვებულ გოლში ნაწილობრივ ის იყო დამნაშავე.
ბევრი თვლის, რომ კვარაცხელია თავად ირჩევს, რომელ მატჩებში ითამაშოს და ეს სულ უფრო აშკარა ხდება. ლუის ენრიკემ ამ პრობლემასთან ბრძოლა რადიკალური ზომებით გადაწყვიტა – მაგალითად, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
TeamTalk-ის ცნობით, „არსენალი“ ხედავს შესაძლებლობას, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია დაიმატოს და ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩართვას განიხილავს. „მეთოფეებმა“ იციან, რომ „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგა იზიდავს. თუმცა „არსენალის“ ყოფილი მცველი ჟილ გრიმანდი, თვლის, რომ ეს ტრანსფერი ძალიან რთული იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი კონტრაქტი მას „პარი სენ-ჟერმენთან“ 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს. თუმცა პსჟ და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები, რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ამჟამად არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ 25 წლის თავდამსხმელი კატეგორიულად უარს ამბობს პარიზულ კლუბში დიდი ხნით დარჩენაზე, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. უკვე სამშაბათს საღამოს „ბარსელონასთან“ მატჩში გაირკვევა, იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე“, – ამტკიცებს Foot01.