ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ „ნიუ იორკ თაიმსთან“ - გულით ვთამაშობ, მაგრამ ტვინის გარეშე უკეთესი ვერასოდეს გახდები [ვიდეო] #1TVSPORT

„ნიუ-იორკ თაიმსი“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას ესაუბრა და საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა.

„ნაპოლის“ ახალი მსახიობი საიდუმლოს ამხელს – ჩემი სტილი თავისუფლებაა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ვარსკვლავი ცხრა თვეში გახდა. ყველაფერი ისე ბედნიერად მიდიოდა, ისე წარმოუდგენლად მშვიდად, რომ ზოგი რამ დაუჯერებლად ეჩვენება.

„მას შემდეგ რაც ჩამოვედი, მეჩვენება, რომ სიზმარში ვარ“, – ამბობს ხვიჩა.

კვარაცხელია ასეთ იმედისმომცემ მოთამაშედ არ ითვლებოდა 20-21 წლის ასაკში, როდესაც ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, უღიმღამო რუსულ გუნდში, რომელიც ერთ-ერთ მეორეხარისხოვან ლიგაში ასპარეზობს. ეს არ არის ის ლიგა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მოთამაშე, რომელიც მაშინვე მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველ შემტევებს შორის გამოჩნდება.

კვარაცხელია „ნაპოლიში“ გასულ ზაფხულს 10 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი თანხის საფასურად ჩავიდა (ბათუმის „დინამოდან“, საქართველოდან, ყაზანელებთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ). იტალიური მხარე, როგორც ჩანს, მას ორი წელი აკვირდებოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ გულშემატკივრებმა კვარადონა და კვარავაჯო შეარქვეს. საქართველოში ერთმა ავიაკომპანიამ ნეაპოლში, „ნაპოლის“ საშინაო თამაშებზე ქართველების დასასწრებად ჩარტერული ფრენების ორგანიზება დაიწყო – დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე ყოველი შეხვედრისას ერთ პატარა კუთხეში საქართველოს დროშებით რამდენიმე ასეულ მის თანამემამულეს მუდამ შეხვდებით – კონკრეტულად მის სანახავად.

შობას კვარაცხელიას აგენტმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტის“ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, რაც „ნაპოლის“ დააფიქრებდა, ახალწვეულ ფენომენზე ფული გამოემუშავებინა. თუმცა, ეს ხვიჩას არ აწუხებს: „დასაწყისი ისეთი იყო, რომ სიზმარი მეგონა. რაღაც მომენტში, მივხვდი, რომ ეს იყო არა ოცნება, არამედ რეალობა და საკუთარ თავში ძალა უნდა მეპოვა, რომ ეს ყველაფერი გადამეხარშა“.

სრულყოფილად საუბრობს ინგლისურად, კარგად და დეტალურად – ქართული ღვინის სამკურნალო თვისებებზე, მაგრამ იტალიაში გადასვლის შემდეგ პირველი სერიოზული ინტერვიუ თბილისელი თარჯიმანის დახმარებით ამჯობინა.

„მადლობელი ვარ იმ სიყვარულისა და დამოკიდებულებისთვის, რასაც ხალხი ჩემ მიმართ იჩენს. ისინი მაქებენ, რაც ასევე მოტივაცია და შთაგონებაა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა თამაშში უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია შევასრულო ის, რასაც დავპირდი“.

სერია A-ში სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 21 თამაშში კვარაცხელიამ გაიტანა 11 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მათ შორის იყო შაბათს გატანილი ზღაპრული გოლი, როდესაც სლალომით ექვს მცველსა და მეკარეს აჯობა.

ამან გამარჯვებამდე მიიყვანა „ნაპოლი“, რომელმაც სერია A-ში მილანის „ინტერთან“ უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. „ნაპოლი“ 33 წლის განმავლობაში იტალიის პირველი ტიტულისკენ მიისწრაფვის და ამის მიზეზი კვარაცხელიაა.

მისი ყველაზე დიდი ღირსება ფანტაზიაა, რაც ქართველის დამახასიათებელი ნიშანი გახდა: „თავისუფლება ჩემი სტილია. ეს არის ის, რასაც ვაღიარებ. იმიტომ, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ. როცა ვთამაშობ, ეს ძალიან მხიბლავს“.

საუბრობს მოულოდნელი წარმატების სათავეზე. „ნაპოლიში“ გადასვლამდე ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა კლუბის გამოცდილ მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან: „კარგი საუბარი იყო. მითხრა, რა უნდა გავაკეთო გუნდისთვის. ბევრი ვისაუბრეთ დაცვის დახმარების და გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობაზე და როგორ გავმხდარიყავი გუნდის ნაწილი. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – სულისკვეთება“.

ეს სულაც არ იყო ის, რასაც კვარაცხელიასნაირი ნიჭის მქონე „მუსიკოსისგან“ მოელოდნენ – სპონტანური და იმპროვიზატორი მოთამაშისგან. ის უნდა ყოფილიყო არა როგორც სოლისტი, არამედ ანსამბლის წევრი.

იტალიელი მწვრთნელები ცნობილები არიან იმით, რომ იციან, როგორ ათამაშონ ფეხბურთელი. მათი მიზანია, ნიჭი ბოლომდე გამოიყენონ, ფეხბურთელმა ითამაშოს გულით და ემოციით, მაგრამ ასევე უნდა ითამაშონ გონივრულად.

ის, რაც გენიოსის ექსპრომტად ნამუშევრებს ჰგავს, კვარაცხელიასთვის სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე აგებული ნიმუში: „ჩემს თამაშში არის გულიც და აზრიც. ტვინს თუ არ გამოიყენებ, უკეთესი ვერასოდეს გახდები, მაგრამ თავისუფლება ჩემი სტილია. ეს არის ის, რასაც საკუთარ თავში ვაღიარებ. ეს იმიტომ, რომ მე მიყვარს, რასაც ვაკეთებ“.

იგი აღიარებს, რომ გუნდებმა, განსაკუთრებით, იტალიაში, მის წინააღმდეგ თავის დაცვა სხვანაირად დაიწყეს. ის შეიძლება ვარსკვლავივით არ იქცევა და თავს ასეთად არ გრძნობს, მაგრამ ვარსკვლავად მეტოქეები აღიარებენ: „ვგრძნობ, რომ გუნდები თამაშს ჩემი ფაქტორის გათვალისწინებითაც აგებენ“.

ეს მას არ აწუხებს. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ კომპლიმენტად იღებს. მისი ჩამოსვლიდან ცხრა თვის შემდეგ „ნაპოლის“ ყველა მეტოქემ იცის, რომ თუ მათ აქვთ რაიმე შანსი, უნდა მიაღწიონ წარმატებას იქ, სადაც ბევრმა სხვამ ვერ შეძლო – უნდა მოძებნონ გზა, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ნეაპოლელთა სენსაცია, იტალიის ჩემპიონატისა და ევროპის ვარსკვლავი კომფორტის ზონიდან გამოიყვანონ“, – წერს ამერიკული გამოცემა.