ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ „ეკიპთან“ – ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ქვეყნისთვის მაქსიმუმი გავაკეთო #1TVSPORT

18:00, 12.10.2026

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

„არ ვფიქრობ, რომ პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ჩემი გადმოსვლის შემდეგ გახდა. ამ გუნდში ყველა ფეხბურთელი ძალიან ფასეულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თამაშობს და ვინ სათადარიგოთა სკამზეა. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ იმ ფეხბურთელებს შორის აღმოვჩნდი, რომლებმაც კლუბს ამდენი ტიტული მოუტანეს. აქ თანაგუნდელებმა ისეთი გარემო შემიქმნეს, თითქოს ორი-სამი წლის ნაცნობობა გვქონდა. თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.

ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ ჩემი თანაგუნდელები, რაოდენ ნიჭიერები იყვნენ და მჯეროდა, ამ კონტინგენტით ყველაფრის მიღწევა და ევროპაში დომინირება შეგვეძლო. გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი და შტაბი. შეგვეძლო ყველაფრის მოგება, თუ მწვრთნელის მითითებებს შევასრულებდით.

ლუის ენრიკესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ის მუდამ განვითარებისკენ მიბიძგებს, რომ ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. მასთან კომუნიკაცია ძალიან მიადვილდება. მომწონს მისი სტილი. სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი დიდებულია.

დიდ პატივს ვცემ მეტოქეებს, მაგრამ მოთამაშეთა გვარებს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის მინდორზე ყველა ერთია. მთავარია, როგორი მოტივაციით გადიხარ მოედანზე და ყველაფერს აკეთებ თუ არა მოსაგებად. მინდორზე ჩემთვის მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა. მინდა, საკუთარი გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო და წარმატებისთვის ყველაფერი გავიღო.

საგოლე გადაცემებიდან რომელს გამოვარჩევდი? ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უსმან დემბელეს რომ გავუკეთე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. გოლი გვჭირდებოდა და ძალიან ლამაზი შეტევა გამოვიდა. გოლებიდან კი „ასტონ ვილასთან” გატანილ გოლს გამოვარჩევ.

ვფიქრობ, ყველაზე ამაყ ადამიანად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ბურთი მაქვს. მიყვარს დრიბლინგი, რისკზე წასვლა, მეტოქის ერთი-ერთზე მოტყუება და გატანაში ჩემი გუნდის დახმარება. შესაძლოა, ერთ შემთხვევაში მეტოქეს ვერ გავცდე, მაგრამ მეორედ ამას აუცილებლად ვახერხებ. შესაძლოა, ხუთი მცდელობიდან ერთხელ გამოგივიდეს ისეთი კარგი მოძრაობა, რომ გუნდმა გაიტანოს.

შევადარო პარიზი და ნეაპოლი? პარიზში უკეთესია, რადგან აქ ბევრი ტურისტია. ისე, შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთზე არაფერი იცოდეს, ნეაპოლში კი ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. ცხადია, პარიზშიც არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან ვუყვარვარ და ქუჩაშიც მცნობენ.

ნეაპოლში დაცვას ახლანდელივით არ ვეხმარებოდი. აქ როცა დავინახე, რომ გუნდი ყველაფერს მაძლევდა, მივხვდი, რომ მინდორზე 100 პროცენტით უნდა დავხარჯულიყავი, რადგან პსჟ ამას იმსახურებს. მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა, რადგან თითოეული მოთამაშე ძირითადში მოხვედრას იმსახურებს. შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე გადასანაცვლებლად ერთი შეცდომაც საკმარისი აღმოჩნდეს. ამიტომ მინდა, პსჟ-ისთვის ყველაფერი გავიღო შეტევაშიც და დაცვაშიც.

ვიცოდი თუ არა, რომ ფეხბურთში ამდენს მივაღწევდი? ისიც კი არ ვიცოდი, გავხდებოდი თუ არა პროფესიონალი ფეხბურთელი. მაგრამ ფეხბურთი უსაზღვროდ მიყვარდა. დიდი გზა გავიარე. საქართველო ძალიან დამეხმარა. ამიტომ ქართული კულტურა მუდამ ჩემთანაა. მომწონს, რომ წარმოვადგენ პატარა ქვეყანას, რომელსაც თავისი მენტალიტეტი, ერთი დიდი ოჯახის ფასეულობები აქვს. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის.

ფეხბურთში თავს ცოტა დაძაბულად რომ გრძნობ, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების თანადგომა, რომლებიც გაბედნიერებენ და ყველანაირად გეხმარებიან, თავი რომ უკეთ იგრძნო. ახლა შვილიც მყავს და ვცდილობ, მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. ფეხბურთი მასაც უყვარს და მასთან ცოტას ვვარჯიშობ კიდეც.

მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება? ძალიან რთული იყო. მინდოდა, ჩემს ნაკრებთან ერთად იქ ვყოფილიყავი. რთული იყო იმის შეგრძნება, რომ კიდევ ოთხი წელი უნდა მოგვეცადა. არის რაღაცები ფეხბურთში, რასაც ვერ შეცვლი, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ერთ დღესაც იქ მოხვდე.

მუნდიალის გარეშე „ოქროს ბურთის“ მოგება – ეს დამოკიდებულია არა ჩემზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. კი, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ტიტულები, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდური გამარჯვებებია. სასიამოვნოა, როცა ლეგენდები ამბობენ, რომ ამას ვიმსახურებ. სასიამოვნოა, პლანეტაზე ამას თუნდაც ერთი კაცი რომ ფიქრობს“, – ამბობს კვარაცხელია.

მსგავსი