ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე შანსით ვერ ისარგებლა - „ნაპოლი“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე შანსით ვერ ისარგებლა - „ნაპოლი“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქეს, „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

სერია A-ს მე-15 ტურში ნეაპოლელები „ბებერ ქალბატონს“ ტურინში ესტუმრნენ და თამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს.

28-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი მომენტით ვერ ისარგებლა, მან ბურთი კარს ააცილა. ამ მომენტმა ხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანა, რაც შესვენებამდე სხვა ეპიზოდზე აისახა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მიზეზი ფედერიკო გატისთან მცირე ინციდენტი აღმოჩნდა, რომელიც აუტის მოწოდებაში ხელს უშლიდა, კვარაცხელია გაბრაზდა და მას ზურგზე ბურთი მიარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „იუვენტუსმა“ თავისი შანსი გამოიყენა. გოლი 51-ე წუთზე სწორედ შეტევაში ჩართულმა ტურინელთა მცველმა, გატიმ გაიტანა.

ამის შემდეგ „ნაპოლი“ თამაშის ბოლომდე შეტევას ცდილობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. 87-ე წუთზე კი კვარაცხელია შეცვალეს.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა.