ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზა“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო მატჩების შემდეგ საფრანგეთში მორიგი კარგი თამაშით დაბრუნდა და „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში „ტულუზას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პარიზელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 66 წუთი ითამაშა, საგოლე გადაცემა შეასრულა და საბოლოოდ ძალიან მაღალი შეფასება – 9,0 ქულა დაიმსახურა.
კვარაცხელიამ ასისტი 34-ე წუთზე ჩაიწერა აქტივში – მისი თავური პასის შემდეგ უსმან დემბელემ დუბლი გაიფორმა და გუნდი წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი 90+2-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 28 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდმა 63 ქულა დააგროვა, „ლანსთან“ უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა, მის ანგარიშზე ჩემპიონატში ასევე არის ოთხი გოლი, ხოლო ყველა ტურნირის ეგიდით 11 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.