ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო ბურთი გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო ბურთი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მისი გუნდი, მოსკოვის „ლოკომოტივი“ სახლში ყაზანის „რუბინს“ შეხვდა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

საბა კვირკველია მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. კვარაცხელია კი მოედანზე 78-ე წუთზე ალექსეი მირანჩუკის ნაცვლად გამოჩნდა, გოლი კი მისი ძმის, ანტონ მირანჩუკის გადაცემით გაიტანა. მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა თავდამსხმელმა „რუბინის“ კიპერს ბურთი ფეხებში გაუძვრინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მოგებით „ლოკომოტივმა“ მეორე ადგილი შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი გზით მოხვედრის რეალური შანსი აქვს.

ამასთან, გია გრიგალავას ტულის „არსენალმა“ გასვლაზე მაჰაჩყალის „ანჟი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი 45 ქულა დააგროვა, მოსკოვის „სპარტაკს“ (43) გადაასწრო და ევროპის ლიგაზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.