ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებზე ისაუბრა - ერთი დიდი ოჯახი ვართ და მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებზე ისაუბრა - ერთი დიდი ოჯახი ვართ და მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა – 21 წლის თავდამსხმელი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდში არსებულ ვითარებაზე და „ნაპოლიზე“ საუბრობს.

„როდესაც გებულობ, რომ გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ეროვნულ ნაკრებში, ისეთი ემოციებით და სიხარულით ვხდები… მართლა ძალიან მიხარია, რადგან მეგობრული, ოჯახური გარემოა და არა მხოლოდ მოედანზე, მოედნის მიღმაც.

ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა დადო. ალბათ, გარედანაც ამჩნევენ, რომ გუნდში ძალიან დიდი ერთსულოვნებაა, ერთი დიდი ოჯახი ვართ და მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ინდივიდუალურად ბევრს აკეთებ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული გუნდთან ერთად წარმატებაა, რადგან გუნდის გარეშე შენ ვერ იქნები – ინდივიდუალურად ვერაფერს მიაღწევ.

მეც ვცდილობ, რა თვისებებიც მაქვს, ისევ გუნდს მოვახმარო – ნაკრების წარმატება ჩემთვის პირველია, შემდეგ კი ინდივიდუალური მიღწევაა“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი აგვისტოში იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ფეხბურთელთა ასოციაციამ და თავად სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელეს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 7 მატჩში 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.

ერთა ლიგის ც4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).