ხვიჩა კვარაცხელიამ „ლანსს“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და კონკურენტ „ლანსთან“ გასვლით მატჩში მოპოვებული გამარჯვებით (2:0), გუნდთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩამ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა. უსმან დემბელემ გადაცემა ჩაჭრა და ქართველი ვარსკვლავი მეკარესთან პირისპირ დატოვა, კვარაცხელიამ კი შექმნილი მომენტით ისარგებლა. საბოლოო ანგარიში 90+4-ე წუთზე იბრაჰიმ მბაიემ დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 33 ტურის შემდეგ 76 ქულა დააგროვა, „ლანსთან“ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (76:67) და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტთათვის მიუწვდომელია.
კვარაცხელიამ ლიგა 1-ში საგოლე მოქმედებების რაოდენობა 12-მდე გაზარდა – 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.