ხვიჩა კვარაცხელია - თავიდან ბაზასთან ცხოვრება მინდა, მთლიანად ფეხბურთზე რომ ვიფიქრო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - თავიდან ბაზასთან ცხოვრება მინდა, მთლიანად ფეხბურთზე რომ ვიფიქრო #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც გუნდთან ერთად სეზონისთვის კასტელ დი სანგროში ემზადება, „ილ მატინოსთან“ ინტერვიუში თავის ახალ კლუბზე, მომავალზე და იმედებზე ისაუბრა.

– „ნაპოლიში“ გადასვლას რა იმედს უკავშირებთ?

– ჩემპიონთა ლიგა ჩემი პირველი საფეხბურთო ოცნებაა მას შემდეგ, რაც თამაში დავიწყე, ამ პრესტიჟულ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობდი. „ნაპოლიში“ კარგი ატმოსფეროა და ერთი სული მაქვს, ამ ტურნირზე მოედანზე გამოსვლას როდის შევძლებ.

– თავს ყველაზე კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობ?

– ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბია, მაგრამ შევეგუები ყველა იმ როლს, რასაც „ნაპოლის” მწვრთნელი გადაწყვეტს. ძალიან გამიხარდება, გუნდისთვის სასარგებლო რომ ვიყო.

სპალეტისთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– შესანიშნავი მწვრთნელი აღმოჩნდა. ის ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის და სასიამოვნოა, როცა ყველასთან იგივეს აკეთებს. სეზონისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი იდეები გადმოგვცეს.

– ის რუსულად კარგად საუბრობს?

– მეუბნება რამდენიმე სიტყვას, მაგრამ გვირჩევნია ინგლისურად ვისაუბროთ, ერთმანეთს უფრო უკეთ რომ გავუგოთ.

– და იტალიურთან როგორ ხარ?

– აქ მითხრეს, ჯერ ნეაპოლიტანური უნდა ვისწავლო, მერე კი – იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, მაგრამ გუნდში მყავს შესანიშნავი მასწავლებლები, რომლებიც მეხმარებიან. მეორეს მხრივ, მე უკვე ვისწავლე კულინარიის შესახებ: პიცა, მოცარელა და ყავა ჩვენი საწყობის პატრონისგან, ტომაზოსგან, ის შეუცვლელია.

– როგორ ცხოვრობთ სახლიდან ასე შორს 21 წლის ასაკში?

– ძალიან ადრე ვისწავლე ოჯახიდან მოშორებით ცხოვრება, რადგან 17 წლის ასაკში უკვე რუსეთში, „ლოკომოტივში“ ვიყავი. ვიცი, რომ ეს ჩემი საქმის ნაწილია და ასე იქნება მანამ, სანამ ფეხბურთელი ვიქნები.

– რუსეთი და ყაზანის „რუბინი“ მარტში დატოვე და საქართველოში, ბათუმის „დინამოში“ ომის გამო გადახვედი.

– ყაზანში ორი წელი ვიყავი და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩემთან ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ მერე ომი დაიწყო და მივხვდი, რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ომის არ მეშინოდა, მაგრამ საჭიროდ ვიგრძენი, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს მიწაზე, უფრო უსაფრთხო მდგომარეობაში, საქართველოში ფეხბურთი ძალიან ემოციურად უყვართ. ბოლო თამაშზე, რომელიც ბათუმის „დინამოში“ ჩავატარე, შესვენებაზე გულშემატკივრები მოედანზე გადმოვიდნენ. რათა ახლოდან დავენახე. ეს დაუჯერებელი იყო.

– „ნაპოლიში“ ახალწვეულის რანგში თავს როგორ გრძნობ?

– მშვენიერი გრძნობაა. ჩემმა თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ყველას ვუყვარვარ. რამდენიმე კვირის შემდეგ თავი სახლში ვიგრძენი, ოჯახივით მიმიღეს. ეს განსაკუთრებული განცდაა.

– უკვე გადაწყვიტე ნეაპოლში სად იცხოვრებ?

– ჯერ არა, მაგრამ თავიდან მინდა სახლი ბაზის გვერდით დავიქირავო, რათა მთლიანად ფეხბურთზე გავამახვილო ყურადღება.