ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა – ასეთია The Athletic-ის შეფასება. გამოცემის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ევროპის ტოპ 5 ლიგებში 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოარჩიეს.

„დავასახელეთ ის მოთამაშეები, რომლებმაც სეზონში ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრეს. მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ უნდა ყოფილიყო 23 წელზე უფროსი ასაკის“, – წერს გამოცემა.

სერია A – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

პრემიერლიგა – ბუკაიო საკა („არსენალი“)

ლა ლიგა – ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)

ბუნდესლიგა – ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“)

ლიგა 1 – ელი ვაჰი („მონპელიე“)

„სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სეზონის საუკეთესო იყო. ამ მხრივ, შესაძლოა, მხოლოდ პაულო დიბალა შეადარო. ძნელია, გაიხსენო ფეხბურთელი, რომელიც უცნობი ჩემპიონატიდან მოვიდა და იტალიურ ფეხბურთზე ასეთი დიდი გავლენა მოახდინა.

კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით, ჩემპიონატის პირველ ორ მესამედში. ამ სეზონამდე „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის პირადი რეკორდი სერია A-ში 14 გოლი იყო. ახლა კი 25 გაიტანა, რაც ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ მის გვერდით ასეთი არაპროგნოზირებადი დრიბლიორია“, – წერს გამოცემა.