ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასით დაბრუნდა - „ნაპოლიმ“ „მონცას“ მოუგო და ევროზონას მიუახლოვდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასით დაბრუნდა - „ნაპოლიმ“ „მონცას“ მოუგო და ევროზონას მიუახლოვდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, „ნაპოლი“ კი სერია A-ში „მონცას“ დაუპირისპირდა და მეორე ტაიმში ნაჩვენები კარგი ფეხბურთის ხარჯზე 4:2 გაიმარჯვა.

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ხვიჩამ პირველ ტაიმში სცადა გატანა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და მისი დარტყმა დაბლოკეს.

„მონცა“ მე-9 წუთზე ბოსნიელი თავდამსხმელის, მილან ჯურიჩის გოლით დაწინაურდა. „ნაპოლის“ მე-40 წუთზე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა – ვიქტორ ოსიმენმა მეკარესთან იბრძოლა, ბურთი კვარაცხელიასთან მივიდა, მაგრამ მისი დარტყმა მიკელე დი გრეგორიომ მოიგერია და მასპინძლები გადაარჩინა.

მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ თამაში შემოატრიალა. 55-ე წუთზე ოსიმენი მაღლა ახტა და შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ორ წუთში მატეო პოლიტანომ ნეაპოლელები დააწინაურა, ხოლო 61-ე წუთზე კვარაცხელიას ასისტით პიოტრ ჟელინსკიმ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

მართალია, ანდრეა კოლპანიმ (62) სხვაობა შეამცირა, თუმცა ჯაკომო რასპადორიმ (68) „ნაპოლის“ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ში გამართული 31 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა და ევროზონასთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო ჩემპიონთა ლიგამდე 10 ქულა აშორებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.