ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიას ხედვაში - „ნაპოლის“ პრობლემა და პერსპექტივა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიას ხედვაში - „ნაპოლის“ პრობლემა და პერსპექტივა #1TVSPORT

2022-23 წლების სეზონის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტი რუდი გარსიამ შეცვალა.

გუნდმა ახალ სეზონში ხუთი მატჩი გამართა, სამი მოიგო, თუმცა თამაშის ხარისხი ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც „ნაპოლის“ ქომაგს გაუხარდება. ამასობაში, უკვე მეორე შეხვედრაა, ხვიჩა კვარაცხელია გამოცვლის შემდეგ უკმაყოფილებას გამოხატავს. გუნდის თამაშის ხარისხზე, მოთამაშეების განწყობასა და შედეგებზე მთავარი პასუხისმგებელი მწვრთნელია.

„ნაპოლის“ პრობლემები

გადავხედოთ ფრანგი სპეციალისტის, რუდი გარსიას კარიერას. მას არ უმუშავია ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში. ყველაზე მაღალი დონის გუნდი, რომელსაც წვრთნიდა, „რომაა“ (2013-2016 წლებში), თუმცა მაშინ „ჯალაროსი“ მხოლოდ სერია A-ს ოთხეულისთვის იბრძოდა. ახალ სეზონში იგი მოხვდა საჩემპიონო გუნდში, რომელსაც აქვს დიდი წნეხი და პასუხისმგებლობა გულშემატკივრის მიმართ.

სწორედ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი სჭირდებათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. მათთვის როლები სწორად უნდა მოძებნო და გასულ სეზონშიც გამოჩნდა, რომ მთლიანი გუნდის ამ ორ ფეხბურთელზე აწყობას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰქონდა.

გარდა ამისა, რუდი გარსიას „პარტენოპეიში“ დაიკარგა ნახევარდაცვის ხერხემალი სტანისლავ ლობოტკა. ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც შავ სამუშაოს ყველაზე კარგად ასრულებდა, ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. ერთადერთი ფეხბურთელი, ვისი გამორჩევაც მიმდინარე სეზონის „ნაპოლიში“ შეიძლება, პიოტრ ზელინსკია, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ მისი კარგი თამაში არ კმარა იმ შედეგებისთვის, რაც იტალიის ჩემპიონს ეკადრება.

დაცვის ხაზი

თვალში საცემია კიმ მინ ჯეს დანაკლისი. მის არ ყოფნაში გუნდი პრესინგისას და ბურთის ამოტანისას ისეთი ეფექტური ვეღარ არის, როგორიც გასულ სეზონში იყო. შარშან არაერთი დრიბლინგი გვინახავს კიმის შესრულებით, მას კარში დარტყმითაც კი დაუსრულებია თავისივე წამოწყებული შეტევა. ახალი სატრანსფერო პოლიტიკის პირობებში მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა.

კიმის შემცვლელად „ნაპოლიში“ მიიყვანეს ნათანი, მცველი ბრაზილიის სერია A-დან, რომელიც „ფლამენგოსა“ და „ბრაგანტინოში“ თამაშობდა. მისი ასაკიდან გამომდინარე (22 წლის), პერსპექტიული მოთამაშეა, თუმცა კიმის შეცვლა რთული საქმეა.

სამხრეთკორეელ მცველს სათანადოდ ვერც ჟუან ჟეზუსი ცვლის, განსაკუთრებით პრესინგისას, რაც „ნაპოლის“ სათამაშო სტილის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სეზონის წინ „ნაპოლიში“ ჩაირიცხნენ იენს კახუსტე და იესპერ ლინდსტრომი. მწვრთნელი არცერთს იყენებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ „ნაპოლიმ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩააგდო და სერია A-ს ჩემპიონი გუნდი ვერ შეივსო ისეთი ფეხბურთელებით, რომლებიც რეალურად იყო საჭირო კონკურენციის გასაზრდელად.

შეტევითი სტილი

რუდი გარსიას კარიერაში მთავარი წარმატება „ლილის“ გაჩემპიონებაა საფრანგეთის ლიგა 1-ში. მაშინ მას გუნდში ჰყავდა ედენ აზარი. კვარაცხელიას ამჟამინდელ თამაშთან პარალელის გასავლებად, შეიძლება სწორედ აზარის ფუნქციის გახსენება იმდროინდელ „ლილში“. ბელგიელი, უმეტესად, ფლანგიდან ცენტრში იწევდა ბურთის მისაღებად, მოქმედებებითაც და სტილითაც არ ჰგავდა ტიპურ ფლანგის ნახევარმცველს.

გარსიას არ უყვარს წინა ხაზის გაწელვა, ფლანგის ფეხბურთელები, დიდწილად, მოედნის ცენტრისკენ შედიან, ამიტომ არც არის გასაკვირი ჯაკომო რასპადორის სათამაშო დროის ზრდა.

გარსიას გადაწყვეტილებები

მიმდინარე სეზონში გარსიას დაეძაბა ურთიერთობა აურელიო დე ლაურენტისთან და პრესასთანაც. „ჯენოასთან“ მატჩში მწვრთნელმა ხვიჩა 88-ე წუთზე შეცვალა. არ დაგვავიწყდეს, რომ იგი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს ატარებს. თანაბარ ანგარიშზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შეცვლა ალესიო ძერბინით, რომელსაც გასულ სეზონში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, უცნაურია.

რამდენიმე იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართველის რეაქცია გარსიას გადაწყვეტილებაზე ლოგიკური იყო. კრიტიკა დაატყდა როგორც გარსიას, ასევე ხვიჩას.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, ასევე აუხსნელი იყო ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბრაგასთან“ 66-ე წუთზე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მწვრთნელს ცენტრალური ზონის გაძლიერება უნდოდა, მაგრამ გასულ სეზონშიც ვნახეთ, რომ კვარაცხელიას მეორე თავდამსხმელად თამაშიც კარგად შეუძლია. ხვიჩას გაყვანით „ნაპოლის“ სისწრაფე დააკლდა და კონტრშეტევებზე სახიფათო აღარ იყო.

გარსიას თქმით, ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რათა მატჩის რიტმში ჩაჯდეს და თავდაჯერება დაიბრუნოს. მისი ეს კომენტარი მიღებულ გადაწყვეტილებებთან შეუსაბამოა.

შეჯამება

რომ შევაჯამოთ, რუდი გარსიამ „ნაპოლიში“ არადამაჯერებლად დაიწყო. ის თითქოს რესურსს სათანადოდ ვერ იყენებს. ასეთი მიდგომით, შესაძლოა, ქართველმა შემტევმა თავდაჯერებულობა დაკარგოს, რაც გუნდის საერთო ინტერესისთვისაც დამაზიანებელი იქნება.

იმ მომენტში, როდესაც გუნდს გოლი ყველაზე მეტად სჭირდება, ხვიჩა კვარაცხელიასთვის მოედანზე ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ის მეტოქისგან ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს.

„ნაპოლის“ ამჟამად ჩემპიონის სტატუსი აქვს, რაც გუნდისთვის დამატებითი წნეხია. დროის სვლასთან ერთად ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ქიმიის გაზრდა მაინც მოსალოდნელია. ვნახოთ, როგორ მოერგებიან ფეხბურთელები ახალ სისტემას.

ცოტნე ქინქლაძე