ჩემპიონთა ლიგაზე „ასტონ ვილასთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ, პსჟ-ს ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა დანიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა.
— ბევრის აზრით, დღეს ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები პსჟ და „ბარსელონა“ არიან. თქვენი აზრით, ასეა?
— ცხოვრებასა და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებული ვართ თითოეულ შემდეგ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ მთავარია, მწვრთნელის მითითებებს მივყვეთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.
— გუნდი შეიცვალეთ და „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადახვედით. ეს რთული იყო?
— რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან მიყვარდა ნეაპოლი — ჩემი მწვრთნელები, თანაგუნდელები და ის გარემო. მაგრამ ფეხბურთში ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველთვის უნდა გადადგა ნაბიჯი წინ. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ.
„ასტონ ვილასთან“ გამარჯვებით პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.