ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა ღმერთს, რომ წარმატებებისთვის მომცა ძალა #1TVSPORT

22:46, 18.10.2026

მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერს, – ასე მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამართულ საღამოზე (Golden Week of Football Tbilisi) დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიება „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში მის მხარდასაჭერად ჩატარდა.

საქართველოს დედაქალაქს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი ეწვია. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონთან ერთად თბილისში იმყოფებოდნენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და ყოფილი ფეხბურთელები, რომლებმაც ქართველ ვარსკვლავზე თეატრის სცენიდან ისაუბრეს.

„უპირველესად, მინდა, მადლობით დავიწყო – მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერს. ამ თანადგომას ძალიან კარგად ვგრძნობ და უდიდესი სიამაყით ვივსები, რომ თქვენნაირი გულშემატკივრები მყავს. ახლა დარბაზში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს გზა მარტივი გასავლელი არ ყოფილა.

თუმცა, თქვენი თანადგომით, ყოველთვის ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი და სად უნდა მივსულიყავი. რა თქმა უნდა, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ამდენს მივაღწიე. იყო წარუმატებლობებიც, რამაც შემდეგ წარმატება განაპირობა.

მადლობა ღმერთს, რადგან მომცა ძალა, რაც არ უნდა ძირს ვყოფილიყავი, მაინც წამოვმდგარიყავი და მებრძოლა ჩემი ოცნებებისთვის. რამდენიმე უკვე ავიხდინე. კიდევ ბევრი ოცნება მაქვს და იმედია, თქვენი, ქართველი გულშემატკივრების თანადგომითა და მხარდაჭერით ამასაც შევძლებ. უდიდესი სიამაყით ვივსები, რომ ამ პატარა ქვეყნიდან ვარ და კიდევ ერთხელ მადლობა“, – ამბობს კვარაცხელია.

მსგავსი