ხვიჩა კვარაცხელია - კიდევ ერთი ქართველი მოსკოვის „ლოკომოტივში“
ხვიჩა კვარაცხელია - კიდევ ერთი ქართველი მოსკოვის „ლოკომოტივში“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ექვსთვიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი „დინამოს აკადემიის“ აღზრდილია და 2018 წლიდან „რუსთავის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომლის რიგებშიც 18 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

კვარაცხელიამ მოსკოველებთან კონტრაქტი ესპანეთში გუნდთან ერთად გავლილი შეკრების შემდეგ გააფორმა. ასე რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე, რუსეთის ჩემპიონის ღირსებას ორი ქართველი – ხვიჩა კვარაცხელია და საბა კვირკველია დაიცავს.

„ლოკომოტივი“ რუსეთის „პრემიერლიგაში“ 17 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ზენიტს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის მორიგ მატჩში მოქმედი ჩემპიონები 3 მარტს, ჯანო ანანიძის ახალ გუნდს – „კრილია სოვეტოვს“ უმასპინძლებენ.