ხვიჩა კვარაცხელია - გვაქვს მიზანი, რომ აუცილებლად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეთ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - გვაქვს მიზანი, რომ აუცილებლად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეთ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას აზრით, ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთთან გასვლითი მატჩის მოგება (5:2) საქართველოს ნაკრებისთვის დიდი სტიმული გახდება. 21 წლის თავდამსხმელის თქმით, ჩვენი ეროვნული გუნდის მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაშია.

„ეს მოგება დიდი მოტივაცია იქნება. უპირველესად, მოხარული ვარ, რომ შევძელი და ჩემს ნაკრებს დავეხმარე – საგოლე გადაცემით თუ გოლით, მნიშვნელობა არ აქვს.“

„ჯვაროსნების“ ახალგაზრდა ლიდერმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუნდის მიზანზე ისაუბრა.

„ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ. მაგათთან გვაქვს რაღაც ძალიან დიდი დარჩენილი, რაც უნდა მოვიპოვოთ და დავიბრუნოთ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წინ წავიწიოთ. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ აუცილებლად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეთ“, – ამბობს კვარაცხელია.

 

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ც4 ჯგუფში პირველი ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, 4:0 თბილისში გიბრალტართან, ხოლო 2:5 რაზგრადში ბულგარეთთან და 6 ქულით ჯგუფში გალიდერდა. კვარაცხელიამ ამ ორ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. რეალურად, ხვიჩამ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ბულგარეთთან „ჯვაროსნების“ მეორე გოლი, რომელიც ირაკლი აზაროვის დარტყმის შემდეგ გავიდა, მასპინძელთა მცველს, ანდრეა ჰრისტოვს ავტოგოლად ჩაეთვალა და კვარაცხელიას ასისტი არ ჩაეწერა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ც4 ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, 12 ივნისს კი თბილისში ბულგარეთს უმასპინძლებს.