ხვიჩა კვარაცხელია გერმანიაში მოლაპარაკებაზე მიიწვიეს

ხვიჩა კვარაცხელია გერმანიაშია და გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ იწვევს. 17 წლის ქართველი თავდამსხმელი მენეჯერმა მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიიწვია, სადაც „ბაიერნმა“ „სევილიას“ უმასპინძლა (0:0).

კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია – შარშან კახა კაჭარავამ მთავარ გუნდში დააწინაურა და წლის საუკეთესო 17-წლამდელი ფეხბურთელის პრიზი გადაეცა. თუმცა, წელს, „დინამოსთან“კონტრაქტი დაუსრულდა და ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა. კვარაცხელია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. ის თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია, რომელიც ახლახანს „სამტრედიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

პირველი არხის ინფორმაციით, ფეხბურთელი მენეჯერმა მოსალაპარაკებლად მამამისთან ერთად მიიწვია. გერმანული მხარე კი ჯერ კომენტარს არ ავრცელებს.

პირველი არხის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი ტალანტის გადაბირებით ასევე დაინტერესებულები არიან უკრაინული ფეხბურთის ლიდერი, დონეცკის „შახტარი“ და ესპანური „ვილიარეალი“.