ხვიჩა კვარაცხელია - დავამტკიცებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს
ხვიჩა კვარაცხელია - დავამტკიცებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს

„ერთა ლიგის გათამაშების მატჩი ბელარუსთან ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, ამ შეხვედრას როგორ ფორმაში შეხვდებით“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელი, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში „რუბინის“ წლის მოთამაშედ აღიარეს, არ მალავს, რომ მისთვის პრიორიტეტული შემოდგომის სანაკრებო თამაშებია.

„თამაშით ფორმას ინარჩუნებ და უფრო აუმჯობესებ. ჩემთვის პრიორიტეტული ბელარუსთან მატჩია და ამისთვის ვემზადები – თუ საქართველოს ნაკრებს დავჭირდები, 100 პროცენტით მინდა საამისოდ მზად ვიყო. თუ შანსი მომეცემა, მინდა მწვრთნელებს და გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო. ჩვენ კი დავამტკიცებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კვარაცხელია.