ხვიჩა კვარაცხელია - ამ გოლით ოცნება ამიხდა, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, მოგვეგო (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია - ამ გოლით ოცნება ამიხდა, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, მოგვეგო (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – ყაზანის „რუბინის“ 19 წლის ლეგიონერმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან C2 ჯგუფის ლიდერების შეხვედრაში ანგარიში მოედანზე შესვლიდან 4 წუთში გაიტანა – ხვიჩა ორ მცველს შორის ეფექტურად გაძვრა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ლამაზი გოლის ავტორი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში სადებიუტო გოლსა და შეხვედრაზე ილაპარაკა.

„მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, დღეს გუნდს გაემარჯვა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში გოლი გაგაქვს, ალბათ, ეს ყველაზე დიდი სიხარულია“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

19 წლის ფეხბურთელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბერს დანიშნულ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალზეც ილაპარაკა:

„ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება“.

ხვიჩამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმა 4-ჯერ მოირგო – მის ანგარიშზე 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტია.