დღეს შოთა ბაბუნაშვილს ფეხბურთიდან გააცილებენ - ჩემი ოცნება კარიერის ტორპედოში დასრულება იყო
დღეს შოთა ბაბუნაშვილს ფეხბურთიდან გააცილებენ - ჩემი ოცნება კარიერის ტორპედოში დასრულება იყო

ხვალ, 19 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ შოთა ბაბუნაშვილს ფეხბურთიდან გააცილებს. 38 წლის ვეტერანმა, ქუთაისურ კლუბში 10 წელზე მეტ ხანს ითამაშა, მისი გამოსამშვიდობებელი შეხვედრა კი „რამაზ შენგელიაზე“ გაიმართება.

ქუთაისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მოედანზე გავლენ „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელები და ბაბუნაშვილის მეგობრები – მალხაზ ასათიანი, კახა ჩხეტიანი, მიხეილ აშვეთია, დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე და სხვა არაერთი ცნობილი ვეტერანი.

ასევე ითამაშებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე–პრეზიენტი ალექსანდრე იაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე ალეკო ამისულაშვილი.

ბაბუნაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ გაზრდილია და გუნდთან ერთად საქართველოს სამივე ტიტული მოიპოვა – ქვეყნის ჩემპიონობა, ეროვნული თასი და სუპერთასი.

„ტორპედოს“ შემდეგ წარუმატებელი კარიერა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ჩემი ოცნება „ტორპედოში“ დაბრუნება იყო, რადგან ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია. ვოცნებობდი, დაბრუნების შანსი მომცემოდა… მინდოდა, ისევ აქ მეთამაშა და კარიერაც აქ დამესრულებინა! ეს ოცნება ამიხდა, თანაც ისე, რომ „ტორპედოსთან“ ერთად კიდევ სამი ტიტული მოვიგე. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ზრდას გააგრძელებს და კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს“ – ამბობს ბაბუნაშვილი.

ვეტერანი ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ინიციატორებზეც ილაპარაკა: „აზრადაც არ მომსვლია გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვა. ეს დღე რომ შედგება, კახა ჩხეტიანისა და„ტორპედოს“ ხელმძღვანელობის დამსახურებაა, ვისი ინიციატივით და ორგანიზებითაც იმართება ეს ყველაფერი. მადლობა ამისთვის ჩხეტიანს და „ტორპედოს“ პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას.“

ბაბუნაშვილმა მადლიერება ქუთაისელთა ფანებისდამიც გამოხატა: „ქუთაისელი გულშემატკივრის მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობდი. არ დამავიწყდება – „ტორპედოს“ წინააღმდეგ თბილისის „დინამოში“ ვითამაშე და ქუთაისელები ტაშს მიკრავდნენ. მაშინ მათგან განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი, რისთვისაც დღესაც მადლიერი ვარ. ისინი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გულშემატკივრისთვის ვითამაშე. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად არაერთი გამარჯვება ვიზეიმე… ბედნიერი ვარ, რომ ისეთ გუნდში ვითამაშე, რომელსაც ასეთი გამორჩეული ხალხი ქომაგობს. მადლობა ყველაფრისთვის!“