ხუთი წელი და 207 მილიონი დოლარი - დონჩიჩმა „დალასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ხუთი წელი და 207 მილიონი დოლარი - დონჩიჩმა „დალასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ლუკა დონჩიჩმა „დალას მავერიკსთან“ 5-წლიანი სუპერკონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც სლოვენიელი კალათბურთელი 207 მილიონ დოლარს მიიღებს.

„დალასის“ წარმომადგენლები სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში იყვნენ ჩასულები, რომ 22 წლის კალათბურთელი ახალ კონტრაქტზე დაეთანხმებინათ. წარმომადგენლებს შორის იყვნენ „მავერიკსისმფობელი მარკ კუბანი, გენერალური მენეჯერი ნიკო ჰარისონი, მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი, გენერალური მენეჯერის ასისტენტი მაიკლ ფინლი და სპეციალური მრჩეველი დირკ ნოვიცკი.

ლუკა „დალას მავერიკსს“ 2018-19 წლების სეზონში შეუერთდა და მას შემდეგ ორჯერ მიიღო მონაწილეობა NBA-ის ALL STAR-ის მატჩში. ახალგაზრდა მოთამაშე ტექსასური გუნდის ლიდერად ძალიან მალე ჩამოყალიბდა. არაერთი კრიტიკოსის აზრით, ის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია და დღესაც წამყვან მოთამაშეებს მის წინააღმდეგ თამაში უჭირთ. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში „დალასი“ პლეიოფში „კლიპერსს“ ხვდებოდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დონჩიჩს უძლიერესი დაცვის წინააღმდეგ უწევდა თამაში. მიუხედავად ამისა, მან ერთ-ერთ შეხვედრაში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 პასი დააგროვა და თავის გუნდს ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით მოაგებინა. წინა სეზონში კი მე-7 მატჩში მარცხის მიუხედავად, 46 ქულა და 14 პასი დააგროვა.

დონჩიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც მედლის მოპოვება ვერ მოახერხა, მაგრამ სლოვენიის ნაკრები ნახევარფინალამდე მიიყვანა.