ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს რეჟიმს სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ადანაშაულებს
ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს რეჟიმს სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ადანაშაულებს

ვენესუელის პარლამენტის სპიკერი და დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს რეჟიმს სამხედრო ოფიცრის წამებით მკვლელობაში ადანაშაულებს.

სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი რაფაელ აკოსტა სამხედრო გადატრიალების მომზადების ბრალდებით იყო დაკავებული. ხუან გუაიდოს განცხადებით, მადუროს რეჟიმი ოფიციალურ პირებს იტაცებს და პატიმრობაში გარდაცვალების უკვე არაერთი შემთხვევა მოხდა.

სატელევიზიო მიმართვისას დაღუპული კაპიტნის მეუღლემ თქვა, რომ რაფაელ აკოსტა დაკავების შემდეგ სცემეს და აწამეს.

გასულ კვირაში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და უცხოელი პოლიტიკური ლიდერების დახმარებით, სამხედრო ოფიცრებმა მისი მთავრობის ჩამოგდება დაგეგმეს.

ხუან გუაიდომ მიმდინარე წლის იანვარში ნიკოლას მადურო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.