ხუან გუაიდო - მადუროს რეჟიმი პანიკაშია
ხუან გუაიდო - მადუროს რეჟიმი პანიკაშია

ვენესუელაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მორიგ საპროტესტო აქციაში, რომელიც კარაკასში და კიდევ 300-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ დემონსტრაციებს „ოპერაცია თავისუფლება“ უწოდა, რომლის მიზანიც ნიკოლას მადუროს გადაყენებაა.

„წყალი არ არის, დენი არ არის, ახლა მადუროც არ უნდა იყოს“, – სკანდირებდნენ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები.

თავად გუაიდომ განაცხადა, რომ აქციაზე მოქალაქეები არა დენისა და წყლის დეფიციტის, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად მივიდნენ.

ადგილობრივის მედიის ცნობით, ქალაქ მარაკაიბოში აქციის დროს 30 ადამიანი დაშავდა. მათ პოლიციასთან შეტაკებისას სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

გუაიდოს თქმით, „ახლა მადუროს რეჟიმი პანიკაშია, რადგან ვენესუელის მოქალაქეთა 90 პროცენტი მთავრობის გადადგომას ითხოვს“. მან მოუწოდა ვენესუელელებს, მორიგი აქცია 10 აპრილს გამართონ.

საპასუხო აქციის გამართვისკენ მომხრეებს მოუწოდეს ნიკოლას მადურომ და მმართველი პარტიის წევრებმა. მათი თქმით, ვენესუელის მოქალაქეებმა დემონსტრაცია „იმპერიალიზმის წინააღმდეგ უნდა გამართონ“.

ვენესუელაში უკვე ორი თვეა, პოლიტიკური კრიზისია. მრავალრიცხოვანი აქციების ფონზე, ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მას 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებმა, აშშ-მა და საქართველომაც დაუჭირეს მხარი.

მიუხედავად ამისა, ნიკოლას მადურო გადადგომაზე ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე უარს ამბობს.