ხუან გუაიდო ენერგოკრიზისის დასაძლევად გერმანიასა და იაპონიას დახმარებას სთხოვს
ხუან გუაიდო ენერგოკრიზისის დასაძლევად გერმანიასა და იაპონიას დახმარებას სთხოვს

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული კრიზისის დასაძლევად დახმარებას გერმანიასა და იაპონიას სთხოვს.

როგორც ვენესუელას ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ამ ორმა ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, ვენესუელას გამოსავლის მოძებნაში დაეხმაროს, მისი თქმით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

გუაიდო ამბობს, რომ კოსნულტაციების შედეგად შემუშავდა გეგმა, რომელიც „ვენესუელელებს სიბნელიდან გამოიყვანს“.

შეგახსენებთ, 7 მარტიდან ვენესუელას უმეტეს ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ კარაკასს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გუაიდოს გადაწყვეტილებით, ვენესულას პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უყრის კენჭს, რაც მას საერთაშორისო დახმარების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ექიმები ჯანმრთელობისთვის“ მონაცემებით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო უკვე გარდაიცვალა სულ მცირე 17 პაციენტი, რომლებსაც თირკმელების პრობლემა ჰქონდათ. საავადმყოფოებში მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცედურებით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ხუან გუაიდომაც, თუმცა უარყო ნიკოლას მადურომ.

ელექტროენერგიის გათიშვაში ნიკოლას მადურო და მისი მომხრეები აშშ-ს ადანაშაულებენ. მადუროს მთავრობის კავშირისა და ინფორმაციის მინისტრმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ გურის ჰიდროელექტროსადგურის კონტროლის სისტემებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული ელექტროსადგური ვენესუელაში ელექტროენერგიის 80%-ს აწარმოებს. ნიკოლას მადუროს თქმით, აშშ მის წინააღმდეგ ენერგეტიკულ ომს აწარმოებს.

ხუან გუაიდოს მხარდამჭერები კი, ენერგეტიკული კატასტროფის მიზეზად კორუფციას, მოძველებულ აღჭურვილობას, ელექტროსადგურებზე ტექნიკური შემოწმებების არარსებობასა და არასწორ მართვას ასახელებს. მადუროს მოწინააღმდეგეების მონაცემებით, ვენესუელაში ელექტროქსელების კოლაფსი უშუალოდ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მახლობლად გაჩენილი ხანძარმა გამოიწვია.