ხუან ჟესუსი - „მილანთან“ ჩვენი პლუსები გვაქვს, მათ ოსიმენის უნდა ეშინოდეთ #1TVSPORT 
ხუან ჟესუსი - „მილანთან“ ჩვენი პლუსები გვაქვს, მათ ოსიმენის უნდა ეშინოდეთ #1TVSPORT 

ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტისთან ერთად ხუან ჟესუსი იმყოფებოდა – ნეაპოლელთა ბრაზილიელი მცველი დაცვაში კორეელი კიმ მინ-ჯეს ადგილს დაიკავებს. ჯესუსი დარწმუნებულია, რომ ოსიმენის დაბრუნება „ნაპოლის“ იმ ძალას შემატებს, რაც გამარჯვების წინაპირობა გახდება.

„მე კარგად მახსოვს, თუ როგორ მოახერხა ჩემმა ყოფილმა კლუბმა, „რომამ“ ხუთი წლის წინ „ბარსელონასთან“ მატჩის შემოტრიალება. ამჯერად უფრო ადვილი ამოცანა შეიძლება იყოს, რადგან მაშინ მესისა და ინიესტას „ბარსელონას“ ვხდებოდით, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ახლა მხოლოდ „ნაპოლიზე“ ვფიქრობ.

მივმართავ გულშემატკივრებს, რომლებიც დე ლაურენტისთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ სტადიონზე ბრუნდებიან. ფანები ყოველთვის გვეხმარებოდნენ. თუ გაგვამხნევებენ, საქმეს ძალიან გაგვიადვილებენ. ხედავთ, რა დაემართა „იუვენტუსს“, ამ გამარჯვებას კი ჩვენ ერთად მივაღწიეთ.

„მილანი“ ძალიან ძლიერი გუნდია. მათ ჰყავთ ჟირუსა და ბრაიმ დიასის მსგავსი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ თუ ჩვენ ბურთს გავაკონტროლებთ, ვერაფერს გააკეთებენ. როგორ ვუპასუხოთ „მილანს?“ ფეხბურთით და ჩვენი მანევრებით. ამ მატჩის მოგების საიდუმლო იქნება გამჭრიახობა და თავდაჯერებულობა.

მე მზად ვარ, შევცვალო კიმი, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მეც დიდ გამოცდილება მაქვს, რადგან სერია A-ში 12 წელია ვთამაშობ და ხასიათიც გამომიმუშავდა.

ოსიმენის ყოფნას რაც შეეხება, ის ჩვენი საუკეთესო ბომბარდირია და „მილანის“ დაცვისთვის დიდი პრობლემა იქნება. ვისი მეშინია ყველაზე მეტად? „მილანში“ ლეაო მომწონს, ძალიან სწრაფი და ძლიერი მოთამაშეა. მას ნამდვილად შეუძლია უსიამოვნებები მოგვიტანოს“, – ამბობს ხუან ჟესუსი.