ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი - მინდა, რომ ლუკა მოდრიჩი ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი - მინდა, რომ ლუკა მოდრიჩი ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს #1TVSPORT

ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა სერბულ TV Pink-თან საახალწლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩს კარიერის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობას შესთავაზებს.

„ლუკა მოდრიჩი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. კაპიტანი, რომელსაც კარიერაში ალბათ საუკეთესო პერიოდი აქვს, ტკბება ფეხბურთით და ეროვნული ნაკრების მატჩებით. მინდა, რომ ჩემს სამწვრთნელო შტაბში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრებში გამოსვლის გამოცდილება გააჩნიათ.

ამის მაგალითები არიან მარიო მანჯუკიჩი, ივიცა ოლიჩი და ვედრან ჩორლუკა, რომლებიც რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების წევრები იყვნენ. ანალოგიურად ვიტყვი რაკიტიჩსა და სხვა დიდი დამსახურების მქონე მოთამაშეებზეც. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ლუკა სათამაშო კარიერას დაასრულებს, თუ ისევ ნაკრების მწვრთნელი ვიქნები, ვისურვებდი, რომ ის ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ ისეთი ვეტერანები, რომლებსაც სურთ მომავალში მწვრთნელად ან მენეჯერად მუშაობა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება ჩვენი ფეხბურთისთვის, კარგი იქნება ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეებისთვის, რომ გუნდში იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, ვისაც ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის გამოცდილება აქვთ და ზურგს დიდებული კარიერა უმაგრებთ“, – განაცხადა ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა.