ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი - კვარაცხელია ტოპ-მოთამაშეა, „ლოკომოტივში“ საფეხბურთო სითავხედით დამამახსოვრდა #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი - კვარაცხელია ტოპ-მოთამაშეა, „ლოკომოტივში“ საფეხბურთო სითავხედით დამამახსოვრდა #1TVSPORT

ვედრან ჩორლუკამ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ამჟამად კი ხორვატიის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფის წვერმა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას ტოპ-ფეხბურთელი უწოდა.

ბალკანელების ნაკრების ყოფილი მცველი ქართველის თანაგუნდელი მოსკოვის „ლოკომოტივში“ იყო. ცნობილია, რომ კვარაცხელიამ ერთ-ერთ პირველივე ვარჯიშზე გამოცდილ ჩორლუკას ბურთი ფეხებშუა გაუტარა, რასაც შეურაცხყოფილი ხორვატის უკმაყოფილება მოჰყვა.

ხორვატმა ვეტერანმა იტალიური „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ამბები გაიხსენა.

„კვარაცხელია „ლოკომოტივში“ 2019 წელს თამაშობდა. მაშინვე შესამჩნევი იყო, რომ ხვიჩა ტოპ-მოთამაშეა. როდესაც მოვიდა, ცოტა შოკში ვიყავით: ის ძალიან თავხედი იყო. ჩვენ ზოგჯერ ვუყურებდით მას და ვფიქრობდით: „ეს ბიჭი რას აკეთებს?“ ხვიჩა გამუდმებით იღებდა ბურთს და კარში არტყამდა, პასებს კი არ აკეთებდა.

რატომ? მან კარგად იცოდა, რომ მას ჰქონდა ის ტექნიკური თვისებები, რაც „ლოკომოტივს“ ძალიან აკლდა. ბურთს კი ვაგორებდით, მაგრამ წინ ძალიან ნელა გადავდიოდით. ახლა ხვიჩა მრავალმხრივი მოთამაშე გახდა. „ლოკომოტივსა“ და „რუბინში“ ის პარტნიორებს ვერ ხედავდა – მხოლოდ კარისკენ იხედებოდა“, – თქვა ჩორლუკამ This is football-თან ინტერვიუში.

22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონზე „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.