ხორვატიის ნაკრების მცველი - კვარაცხელია ბრაზილიელი ან ესპანელი რომ ყოფილიყო, ახლა „რეალში“ ან „ბაიერნში“ ითამაშებდა
ხორვატიის ნაკრების მცველი - კვარაცხელია ბრაზილიელი ან ესპანელი რომ ყოფილიყო, ახლა „რეალში“ ან „ბაიერნში“ ითამაშებდა

ყაზანის „რუბინის“ მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა, რომელიც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ლუკა მოდრიჩისა და სხვა ხორვატი ვარსკვლავების გვერდით თამაშობს, „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე განაცხადა, რომ ქართველ შემტევს ღვთისგან ნაჩუქარი ნიჭი აქვს.

„ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და მალე ევროპის დიდ გუნდში ითამაშებს. მას აქვს სიჩქარე, დრიბლინგი, დარტყმა და პასი. მაგრამ რაც მთავარია, კარგად ესმის ფეხბურთი. არიან მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ დარტყმა, ასევე სწრაფები არიან, მაგრამ თამაშს ვერ გრძნობენ და კარგი თამაშის ინტელექტი არ გააჩნიათ. ხვიჩას კი ეს აქვს, რაც უბრალოდ ღვთის საჩუქარია“, – ამბობს ხორვატიის ნაკრების მოთამაშე.

ურემოვიჩმა კვარაცხელიასთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა: „როდესაც ის პირველად ვნახე, ყაზანში ამხანაგურ თამაშს ვატარებდით. მაშინვე ვთქვი, რომ მას აქვს კარგი თვისებები, რომ ის ტალანტი იყო. ვგრძნობდი, რომ ის შთამბეჭდავი და უნარიანი მოთამაშე იყო. ეს მაშინვე აშკარა იყო. მაგრამ მე არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქართველი“.

ხორვატი მცველი დარწმუნებულია, რომ არა კვარაცხელიას პასპორტი, ახლა „რუბინის“ ნაცვლად, რომელიმე ევროპულ გრანდში ითამაშებდა: „საერთოდ, ხვიჩა ბრაზილიელი ან ესპანელი რომ ყოფილიყო, ის ახლა მადრიდის „რეალში“ ან „ბაიერნში“ ითამაშებდა. მისი პრობლემა ქართული პასპორტია. იქ ხომ ხალხი მოქალაქეობას უყურებს. ევროპაში მენეჯერს ან პრეზიდენტს ურჩევნია ესპანელი ან არგენტინელი, ვიდრე რუსული, ხორვატული ან ქართული პასპორტის მქონე მოთამაშე. ეს თანამედროვე რეალობაა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხვიჩა წარმატებას მიაღწევს და ევროპაში დიდ კარიერას აიწყობს“.