ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მცველი - საქართველოსთან მარცხი მოულოდნელი იყო #1TVSPORT
ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების და „ისტრა 1961“-ის (სადაც გიორგი გაგუა თამაშობს) მარჯვენა მცველმა, მორის ვალინჩიჩმა გამოცემა Sportske novosti-სთან ინტერვიუში ევრო 2025-ის პლეი ოფში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წაგება გაიხსენა და თქვა, რომ მის კარიერაში ეს ყველაზე მტკივნეული მარცხი იყო.
„ევრო 2025-ის პლეი ოფში ჩვენთვის ძალიან მტკივნეული შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან მატჩში დამარცხება იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რომ შეხვედრის შემდეგ თავი ვერ შევიკავე და ვიტირე. ძალიან გამიჭირდა, ისევე როგორც ყველა ჩემს თანაგუნდელს. ეს ძალიან სამწუხარო დღე იყო.
სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე წასვლის კარგი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. დიახ, საქართველო კარგი გუნდი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ უკეთესები ვიყავით. საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ თამაშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.
საერთოდ, ამ პლეი ოფში იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს. იმედია, მწვრთნელები და ფეხბურთელები, რომლებიც ახალ შესარჩევში ითამაშებენ, უფრო იღბლიანები აღმოჩნდებიან და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ“, – თქვა ხორვატიის ახალგარზდული ნაკრების მცველმა.