ხორვატიამ ჯოკოვიჩის სერბეთი დევისის თასიდან გააგდო #1TVSPORT
ხორვატიამ ჯოკოვიჩის სერბეთი დევისის თასიდან გააგდო #1TVSPORT

მადრიდში მიმდინარე დევისის თასზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ხორვატიის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა სერბეთი და ისტორიაში მეოთხედ ითამაშებს ამ ტურნირის ფინალში.

ნახევარფინალის პირველ მატჩში მსოფლიოს 279-ე ჩოგანმა ბორნა გოიომ 4:6, 6:3, 6:2 კლასიფიკაციის 33-ე ნომერი დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა. 23 წლის ხორვატმა ამ დევისის თასზე მესამე მატჩი მოიგო, არადა, მანამდე ATP-ის დონეზე მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

მეორე მატჩში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:4, 6:2 მოუგო მარინ ჩილიჩს. ეს ჯოკოვიჩის ზედიზედ მე-19 მოგება იყო დევისის თასზე.

ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა წყვილების მატჩს, რომელშიც მსოფლიო რეიტინგის პირველი წყვილი (მატე პავიჩი და ნიკოლა მეკტიჩი) ჯოკოვიჩისა და ფილიპ კრაინოვიჩის დუეტს ხვდებოდა.

პავიჩმა და მეკტიჩმა 7:5, 6:1 მოიგეს და ხორვატია ფინალში გაიყვანეს. იქ ხორვატების მეტოქე რუსეთისა და გერმანიის ნახევარფინალში გაირკვევა.