ხორვატიამ ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიამ ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრები გავიდა. ამ გუნდმა მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა.

 

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალები ხორვატიისა და ბრაზილიის მატჩით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნებისმიერი ნაკრებისთვის რთულ მეტოქეს წარმოადგენენ, ფავორიტად, რა თქმა უნდა, ბრაზილიის ეროვნული გუნდი მიიჩნეოდა. თუმცა, მებრძოლი და პროფესიონალი ფეხბურთელებით შეკრული გუნდი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ნაკრებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა.

ბრაზილის ნაკრები მცირე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს და შესვენებაზე ისე გავიდნენ – 0:0. მეორე ტაიმში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ორმხრივი შეტევებისა და მაღალი ტემპის მიუხედავად, გოლი არ გადიოდა. მატჩის მეორე ნახევარიც უგოლოდ დასრულდა .

დაინიშნა დამატებითი დრო. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ.  იმატა უხეშობამაც, განსაკუთრებით, ხორვატიის მხრიდან. პირველი დამატებული დროის მიწურულს ბრაზილიელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. მათი მორიგი შეტევა ნეიმარმა გოლით დააგვირგვინა – 1:0.

ეს იყო ნეიმარის 77-ე გოლი ბრაზილიის ნაკრებში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე – მერვე. ამ მაჩვენებლით ნეიმარი ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა, როგორც ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. დამატებითი დროის მეორე პერიოდში ხორვატია შეტევაზე გადასვლას და მატჩის გადარჩენას შეეცადა. ევროპელებმა რამდენიმე ეპიზოდში სახიფათოდ შეუტიეს, ხორვატიის ერთ-ერთი იერიში კი პეტკოვიჩმა გოლად აქცია – 1:1.

120-წუთიანი მატჩი პენალტების სერიით გაგრძელდა, რომელიც მეკარე ლივაკოვიჩის წყალობით ხორვატიამ 4:2 მოიგო და ნეხევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინა-ნიდერლანდების მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.