ხორვატი ანალიტიკოსი - გიორგი გაგუა მეტ ყურადღებას იმსახურებს #1TVSPORT
ხორვატიის ჩემპიონატის 31-ე ტურში გიორგი გაგუას „ისტრამ“ გასვლით მატჩში გათამაშების ლიდერი სპლიტის „ჰაიდუკი“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 83 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ხორვატული ტელეკომპანიის, Telesport-ის ანალიტიკოსმა, ლუკა ვუიჩმა გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, რომ „ისტრის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაგუა მეტ ყურადღებას იმსახურებს.
„მართალია, გაგუას სეზონში ბევრი გოლი არ გაუტანია, მაგრამ „ისტრის“ თამაშში ქართველი თავდამსხმელის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გაგუა დაცვას ეხმარება და შემდეგ შეტევაში ბურთს ძალიან კარგად ანაწილებს. მაგალითად, ბოლო ტურში მან 15-დან 12 ზუსტი გადაცემა შეასრულა და შეტევაში 6-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო“, – აცხადებს ხორვატი ანალიტიკოსი.
გიორგი გაგუა „ისტრაში“ 2024 წლის ზაფხულში ესპანური კლუბის, „ალავესის“ დუბლშემადგენლობიდან ჩაირიცხა. მან ხორვატიის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.