ხორხე მასვიდალმა დანა ვაიტის კრიტიკას უპასუხა
ხორხე მასვიდალმა დანა ვაიტის კრიტიკას უპასუხა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის რამდენიმე ცნობილი მებრძოლი საკუთარი ჰონორართ უკმაყოფილოა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა ვაიტმა ამ თემასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ ისაუბრა და უკმაყოფილო ათლეტებს უპასუხა.

„როდესაც შენ პროფესიონალი მებრძოლი ხარ, კარგად უნდა იცოდე, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიო. ჰონორარებზე უკმაყოფილო მებრძოლები ორგანიზაციაში ყოველთვის იყვნენ. ყველა ისე იქცევა თითქოს UFC-ში მათი მოღვაწეობა კარიერა იყოს. მინდა გითხრათ, ეს კარიერა არ არის, ეს არის შესაძლებლობა და ყოველი მოცემული შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო“, – განაცხადა ვაიტმა ერთ-ერთ სააგენტოსთან (BJPENN) ინტერვიუს დროს.

ხორხე მასვიდალმა ვაიტის კრიტიკას მალევე YOUTUBE-ის საკუთარი გვერდის საშუალებით უპასუხა.

„მსურს, მივმართო დანა ვაიტს. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ UFC-ში მებრძოლის მოღვაწეობა კარიერა არ არის და ეს შესაძლებლობაა. მე ამ საქმით 16 წელია დაკავებული ვარ და უდიდესი ენერგია და ძალისხმევა მაქვს დახარჯული იმისათვის, რომ მიმეღწია წარმატებისთვის. ახლა თქვენ მეუბნებით, რომ ეს კარიერა არ არის? ეს ხომ სრული სიგიჟეა. რა თქმა უნდა მესმის, რომ მე და დანას ყველაფერში ერთნაერი აზრი ვერ გვექნება, მას თავისი საქმე აქვს, მე ჩემი, თუმცა იქნებ გამაგებინოთ, როგორ არ არის ეს კარიერა?“, – განაცხადა მასვიდალმა.