ხორხე მასვიდალის განცხადებით, ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა მას ბევრად დიდ კომერციულ მოგებას მოუტანს, ვიდრე მაკგრეგორთან დაპირისპირება
ხორხე მასვიდალის განცხადებით, ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა მას ბევრად დიდ კომერციულ მოგებას მოუტანს, ვიდრე მაკგრეგორთან დაპირისპირება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად-საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ვარსკვლავ ხორხე მასვიდალს, ამჯერად ცნობილ მოკრივე ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა სურს. „ყველაზე ცუდი ბიჭის ქამრის მფლობელი აცხადებს, რომ მეივეზერთან ბრძოლა მას ბევრად დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს, ვიდრე კონორ მაგრეგორთან დაპირისპირება.

რამდენიმე დღის წინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდეტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორს სერონეს დამარცხების შემთხვევაში ხორხე მასვიდალთან ბრძოლა სურს.

მასვიდალმა „ტი ემ ზისთან (TMZ) მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის პრიორიტეტულად ფლოიდ მეივეზერთან დაპირისპირებას მიიჩნევს.

„რა თქმა უნდა, მაკგრეგორი ლატარეის ბილეთია, რომელსაც ნებისმიერი მებრძოლი ისურვებდა, მათ შორის მეც. თუმცა, ამ შემთხვევაში მივიჩნევ, რომ მეივეზერთან ბრძოლა ჩემთვის ბევრად მომგებიანი იქნება. მე შვილები მყავს და მათ მოვლა სჭირდებათ. მე კი ჩხუბი მიყვარს და ბავშვობიდან კრივის დიდი მოყვარული ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტე შერეულ ორთაბრძოლებში წასვლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრივი დამავიწყდა. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ფლოიდზე უკეთესი მოკრივე ვარ, თუმცა მერწმუნეთ, შევეცდები მას ტკივილი მივაყენო და ვფიქრობ, ეს გამომივა.

მე არ ვაპირებ მე-8 ან მე-9 რაუნდში დანებებას – ამ ბრძოლას ბოლომდე გავმართავ. ჩემი მიზანია ყველაზე რთულ ბრძოლებში მივიღო მონაწილეობა. ფლოიდ, თუ შენ ეძებ ნამდვილ კაცურ ორთაბრძოლას, მაშინ დათანხმდი ჩემს წინადადებას, თუ არადა, დაბრუნდი იაპონიაში და იოლად დაამარცხე ის პატარა ბავშვები. თუ შენ გსურს ხაბიბ ნურმაგომედოვის ტიპის მებრძოლებთან შეხვედრა, რომლებმაც კრივი კარგად არ იციან, მე ამას გავიგებ. შენ ამ სპორტში ყველაფერი დაამტკიცე და შეგიძლია აკეთო ის, რაც გსურს“.